მამედ ემინ რასულზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მამედ ემინ რასულზადე
მამედ ემინ რასულზადე
აზერბაიჯანის დრ-ის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 მაისი, 1918 – 7 დეკემბერი, 1918
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვი

დაბადებული31 იანვარი, 1884
ნოვხანი, ბაქო, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი6 მარტი, 1955 (71 წლის)
ანკარა, თურქეთი
მოქალაქეობა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის დრ
თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნებააზერბაიჯანელი
პოლიტიკური პარტიამუსავათი
მამაახუნდ ჰაჯი მოლა ალაქბარ რასულზადე
დედაზიინათ რასულზადე
მეუღლეიუმულბანუ რასულზადე
ვანდა (ლეილა) რასულზადე
შვილებილატიფა, ხალიდა, რასული, აზერი
რელიგიაისლამი
ხელმოწერაRasulzade's signature 360px.JPG

მამედ ემინ რასულზადე (აზერ. Məhəmməd Əmin Rəsulzadə; სრულად მაჰამად ემინ ახუნდ ჰაჯი მოლა ალაქბერის ძე რასულზადე (აზერ. Məhəmməd Əmin Axund Hacı Molla Ələkbər oğlu Rəsulzadə); დ. 31 იანვარი, 1884, ნოვხანი, ბაქო, რუსეთის იმპერია — გ. 6 მარტი, 1955, ანკარა, თურქეთი) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920) ერთ-ერთი დამფუძნებელი და აზერბაიჯანის პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერი. აზერბაიჯანის ისტორიაში გამოჩენილი და უდიდესი პიროვნება, აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელმძღვანელი. მისი ცნობილი ფრაზა „ერთხელ აწეული დროშა აღარასოდეს ჩამოეშვება!“, მეოცე საუკუნეში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოძრაობის დევიზი გახდა.[1][2][3]

ბიოგრაფია

ოჯახი

მამედ ემინ რასულზადე დაიბადა 1884 წლის 31 იანვარს, ბაქოს სიახლოვეს მდებარე სოფელ ნოვხანიში. მამამისი რელიგიური მოღვაწე იყო, რომელმაც თავისი შვილი განთქმული პედაგოგის — სულთან მაჯიდ განიზადეს ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედ მეორე რუსულ-მუსლიმურ სკოლაში მიიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ რასულზადემ განათლება ბაქოს ტექნიკურ სკოლაში, რუსულ ენაზე განაგრძო. ზუსტად ამ წლებს ემთხვევა რასულზადეს მოღვაწეობის პირველი წლები აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების მხრივ, სადაც პირველი რესპუბლიკური მართვის მოდელი არა მხოლოდ მთელ თურქულ სამყაროში, არამედ მთელ ისლამურ სამყაროში რევოლუციური აღმოჩნდა. 1902 წელს, ჩვიდმეტი წლის ასაკში რასულზადემ „მუსლიმ ახალგაზრდათა ორგანიზაცია“ დააფუძნა. ეს XX საუკუნის პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, რომელიც აზერბაიჯანში რუსეთის კოლონიურ მმართველობას ფარულად ებრძოდა.

  • პაპა — მაჰამადრასულ რასულზადე. ჰყავდა სამი შვილი: ალაქბარი, აბდულაზიზი, დოსტუხანიმი. მაჰამადრასულის უფროსი შვილი ალაქბარი მამედ ემინ რასულზადეს მამაა. მის მეორე ვაჟს, აბდულაზიზს სამი შვილი ჰყავდა — მამედალი, იუმულბანუ, უმგულსუმი. მამედ ემინ რასულზადე ცოლად აბდულაზიზის, ბიძამისის უფროსი ქალიშვილი, იუმულბანუ შეირთო. იუმულბანუს და ცნობილი პოეტი უმგულსუმი იყო, რომლის მეუღლე სეიდ ჰუსეინიც მწერალი იყო. მაჰამადრასულს ქალიშვილი დოსტუხანიმი კი (რასულზადეს დეიდა) 1930 წელს გარდაიცვალა, რომელიც უშვილო იყო. მაჰამადრასულს გარდა ნოვხანისა, ასევე ქალაქ ბაქოში, ახლანდელი ნიზამის მეტროსადგურთან, უზარმაზარი საკარმიდამო ჰქონია.
  • მამა — ახუნდ ჰაჯი მოლა ალაქბარ რასულზადე. ცნობილი ახუნდი სოფელ ნოვხანიში გარდაიცვალა 1926 წელს. საფლავი მდებარეობს სოფელ ნოვხანის სასაფლაოზე. 1927 წელს, სტამბოლში გამოქვეყნებულ რაზულზადეს ჟურნალ „ახალი კავკასია“-ში, აღნიშნულია მისი გარდაცვალების ფაქტი.
  • დედა — ზიინათ რასულზადე ადრე გარდაიცვალა. დედინაცვალი, მარალ ხანუმი მამედ ემინსა და მის დას, შეჰრაბან ხანუმს, როგორც თავის შვილებს, ისე უვლიდა. მარალ ხანუმი კეთილშობილი ადამიანი იყო და როგორც მომლოცველი, 1929 წელს კარბალაში წავიდა. 1937 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.
  • და — შეჰრაბანუ ხანუმი. იყო რასულზადეს ერთადერთი და. დევნისა და ზეწოლის შედეგად, 1934 წელს გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი, ქუბრა ხანუმი დანიშნული იყო რასულზადეს ვაჟზე, რასულთან. შემდგომში რასული დახვრიტეს, რის შედეგად ისინი ვერ დაქორწინდნენ.
  • მეუღლე — უმბულბანუ რასულზადე, რასულზადეს ბიძაშვილია, რომელიც დაიბადა 1888 წელს. 1908-1909 წლებში რასულზადემ მასზე დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის შემდეგ იგი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობდა, უმბულბანუ ხანუმმა რასულზადეს საქნიაობას ამართლებდა და იცავდა. შვილის, რასულის დახვრეტის შემდეგ, მისი ოჯახი ყაზახეთის კოლოქ-ყურგანში გადაასახლე, შემდეგ კი ტალდი-ყურგანში. რასულის სიკვდილს ვერ გაუძლო და დევნილობის დროს, 1939 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ყაზახეთში.[4]
  • ქალიშვილი ლატიფა — პირველი შვილი და რასულზადეს უფროსი ქალიშვილი. დაიბადა 1910 წელს. 1929 წელს დაოჯახდა ახალგაზრდა მამაკაცთან სახელად დამად მუსლუმზადე, რომელიც წარმოშობით ლაჰიჯიდან იყო. 1939 წელს, მისი მეუღლე მუსავათის პარტიასთან კავშირის გამო დააპატიმრეს. 1941 წელს, იგი თავის შვილებთან, ფირუზთან და იშვასთან ერთად, ყაზახეთში, სემიპალატინსკის ოლქში გადაასახლეს. მესამე შვილი, სონა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სანატორიუმში გადაიყვანეს. ლათიფა ხანუმი და მისი ქალიშვილი იშვა, 1943 წელს ყაზახეთში სიცივისა და შიმშილობის შედეგად დაიღუპნენ. ფირუზა კი შემთხვევით გადარჩა. უკანასკნელი ქალიშვილის, სონას შესახებ კი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, ის ვერ გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა.
  • ქალიშვილი ხალიდა — 1916 წელს დაბადებული რასულზადეს უმცროსი ქალიშვილი. დედამისის გარდაცვალების შემდეგ ვერ შეძლო ყაზახეთში დარჩენა. 1943 წელს, სიცოცხლეს ფასად იგი დევნილობიდან გამოქცეული ბაქოში ჩადის. ცოტა ხნით სეიდ ჰუსეინის სახლში დარჩენის შემდეგ, იგი გრძნობს, რომ მას უთვალთვალებენ და შამახიში გადადის, მას შემდეგ მის შესახებ არაფერია ცნობილი.
  • ვაჟი რასული — დაიბადა 1918 წელს. სწავლობდა ტექნიკუმში. ჰქონდა მწერლის ნიჭი. 1934 წლიდან დევნილია. 1937 წლის 15 ივლისს, ნოვხანის ბაღებში დააპატიმრეს და 19 წლის ასაკში დახვრიტეს.
  • ვაჟი აზერი — რასულზადეს უმცროსი ვაჟი, დაიბადა 1920 წელს, როდესაც თვითონ რასულზადე ციხეში იმყოფებოდა. როდესაც სტალინს რასულზადე მოსკოვში მიჰყავდა, მან შეძლო სახლში მოსვლა და თავისი ოჯახის მონახულება. ამ დროს შეცვალა ორი თვის ასაკის ბავშვის სახელი ალიჰეიდარიდან აზერზე. 1937 წელს აზერი გადაასახლეს. გარდაიცვალა 1993 წელს ყაზახეთის ქალაქ ყარაღანდაში. დაკრძალულია ნოვხანის სასაფლაოზე.
  • შვილიშვილი — რაის რასულზდე აზერის ვაჟია. დაიბადა 1946 წელს ყაზახეთის ტალდი-ყურღანის ოლქში, სადაც მიიღო საშუალო განათლებაც. აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარია და ამჟამად მუშაობს დოცენტად აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში.[5]

დაპატიმრებული ნათესავები

1937 წლის მოვლენების დროს, არა მხოლოდ რასულზადეს ოჯახის წევრები, არამედ მისი ნათესავებიც დააპატიმრეს და გადაასახლეს. მის ქვისლს, ცნობილ მწერალს სეიდ ჰუსეინს, 1937 წელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მოგვიანებით დახვრიტეს. სეიდ ჰუსეინის მეუღლე, პოეტი იუმგიულსუმ ხანუმი დააპატიმრეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და შემდეგ მორდოვიაში გადაასახლეს. მისი ვაჟები კი, სეიდ ჰუსეინის დის, საიარა ხანუმის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდნენ. ასევე მწარე იყო რაზულზადეს სხვა ნათესავის, კერძოდ მამედალი რასულოღლუს ოჯახის ბედიც. რასულოღლუ რასულზადეს ახლო მეგობარი, ბიძაშვილი და მუსავათის პარტიის დამფუძნებელი იყო. დევნილობაში ყოფნის დროს, მისი მეუღლე რაზია ხანუმი თავის სამ შვილთან ერთად, ყაზახეთში გადაასახლეს.

რასულზადე დიდი ძალისხმევით ცდილობდა ოჯახის წევრების გადარჩენას და თურქეთში გადაყვანას. მისი შვილის, აზერის ნათქვამიდან, ისინი ერთხელ მოემზადნენ (დაახლოებით 1925-1926 წლებში) და აპირებდნენ მატარებლით წასვლა, თუმცა, რასულზადეს მამის, ახუნდ ჰაჯი ალექბერის რჩევით ისინი ბაქოში დარჩნენ. 1932 წლამდე, რასულზადემ ოჯახის წევრებს ფინანსური დახმარება გაუწია, სხვადასხვა ადამიანების მეშვეობით, ტანსაცმლებსაც უგზავნიდა. შემდგომში, საზღვრების ჩაკეტვის გამო, ეს შეუძლებელი გახდა. ბაქოში ფარულად მოქმედი მუსავათის წევრები ეხმარებოდნენ რასულზადეს ოჯახს.

იმის შემდეგ, რაც რასულზადემ გაიგო თავისი ოჯახის წევრების გადასახლება და მეუღლის გარდაიცვალება, იგი დაქორწინდა წარმოშობით პოლონელ ქალბატონზე სახელად ვანდაზე. ორივე მუშაობდა ანკარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ქორწინებიდან, მათ არ გააჩნდათ ბავშვები. ვანდა დაიბადა 1885 წელს ვარშავაში და დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი. იყო მარშალ პილსუდსკის და იმავდროულად, 1930 წლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბეკის ნათესავი. გარდაიცვალა 1974 წელს და დაკრძალეს ანკარაში, „ჯაბაჩი“-ს (ასრი) სასაფლაოზე.[6]

პოლიტიკური მოღვაწეობა

მუსლიმური დემოკრატიული „მუსავათი“-ს საზოგადოების სახელით ცნობილი, ფარულად მოქმედი ორგანიზაციის ერთ-ერთი ქვეორგანიზაცია ცოტახნის შემდეგ ირანში დაფუძნდა და ჩამოყალიბდა, როგორც რევოლუციის მმართველი ძალა. 1904 წლის ბოლოს, მუსლიმური დემოკრატიული მუსავათის საზოგადოების საფუძველზე, რსდმპ-ის ბაქოს კომიტეტთან დაარსდა მუსლიმური სოციალურ-დემოკრატიული ორგანიზაცია „ჰუმათი“. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ: მირ ჰასან მოვსუმოვი, მამედ ჰასან ჰაჯინსკი და რასულზადე. მაშადი აზიზბეკოვი, ნარიმან ნარიმანოვი, ს. მ. ეფენდიევი და სხვა რევოლუციონერები, 1905 წლიდან ამ ორგანიზაციის წევრები გახდნენ. გამოიცემოდა ორგანიზაციის გაზეთიც, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამომცემელი, რომელიც 1904-1905 წლებში მხოლოდ 6 ნომერი იყო გამოშვებული, რასულზადე იყო.

გაზეთის თავისი სახელწოდებით გამოცემის შეჩერების შემდეგ, 1906 წელს დეკემბრის თვიდან, გაზეთი გამოვიდა სახელწოდებით „თაქამიული“ (Təkamül). იმ წლებში, ბაქოს ნავთობსაბადოებში და აზერბაიჯანის მოსახლებოსთვის დედა ენაზე რევოლუციური გაზეთებისა და პროკლამაციების გაგზავნა, პირდაპირ უკავშირდებოდა რასულზადეს. 1907 წლის 29 სექტემბერს, რევოლუციონერი მუშაკი ხანლარ საფარალიევის ბიბი-ჰეიბატზე დაკრძალვის დღეს, მის საფლავზე ჩატარებულ დიდ კრებაზე ჯაფარიძესთან, ეფენდიევთან, სტალინთან ერთად, რასულზადემაც თქვა დეკლამაციური სიტყვა.

ირანში

1908 წლის ბოლოს, რასულზადე დატოვა ბაქო და ირანში გადავიდა, რადგან მეფის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მისი დაპატიმრების საფრთხე არსებობდა. თავრიზში, რასულზადე ეროვნულ გმირს სატარ ხანსა და მის კოლეგებს შეხვდა. მოგზაურობდა სამხრეთი აზერბაიჯანის ქალაქებსა და აკვირდებოდა აზერბაიჯანელი ხალხის მდგომარეობას. ეს პერიოდი ასახულია მის ლიტერატურულ შემოქმედებაშიც. შემდეგ რასულზადემ განათლებულ მოღვაწეთა ერთ ჯგუფთან ერთად (სეიდ ჰასან თაღიზადე, ჰუსეინგულუ ხან ნავაბი, სულეიმან მირზა, სეიდ მამედ რზა და სხვები), 1910 წლის სექტემბერში, ირანის დემოკრატიული პარტია დააფუძნა. „ირან-ნოუ“ და „ირან აჰატ“-ის გაზეთების მთავარი რედაქტორი გახდა. 1909 წლის 24 აგვისტოს გახსნილი, ყოველდღიური და დამოუკიდებელი გაზეთი „ირან-ნოუ“, დღეში 2-3 ათასი ეგზემპლარით ირანის ყველაზე მსხვილი გაზეთი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 1910 წლის ზაფხულში ის დაიხურა, შემოდგომაზე, 26 ოქტომბერს, გაზეთმა აღადგინა საქმიანობა დემოკრატიული პარტიის ორგანოს სახით. გაზეთში რასულზადე გამოსცემდა თავის ლექსებსა და პუბლიცისტურ ნაშრომებს. მან ირანში ევროპული ტიპის ჟურნალისტიკას ჩაუყარა საფუძველი. მოგვიანებით, სეიდ ჰასან თაღიზადე რასულზადესთვის მიძღვნილ ნეკროლოგში წერდა: „რასულზადემ ირანში თანამედროვე ევროპული გაზეთის ტიპს ჩაუყარა საფუძველი“.[7] იმავე წელს, ირანის რეაქციული პარტია „ეტიდალიეი“ („მოტადელა“) დაფუძნდა. ამასთან დაკავშირებით, რასულზადემ 1910 წელს თეირანში სპარსულად წიგნი გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ტანგიდი-ფირგეი-ეტიდალიუნ“. 1911 წელს, რასულზადეს სპარსულენოვანი წიგნი სახელწოდებით „სადათი-ბაშარი“, არდაბილში გამოიცა.

თურქეთში

მეფის მთავრობა ირანში გამოწვეული რევოლუციური მოძრაობის შიშით, ირანის შაჰის მთავრობისგან ითხოვს რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რასულზადეს ქვეყნიდან გაძევებას. 1911 წლის მაისში, დევნისგან თავის დაღწევის მიზნით, იგი სტამბოლში გადავიდა. თურქეთის დედაქალაქში ის შეხვდა თავის თანამემამულეებს ალი ბეი ჰუსეინზადეს და აჰმედ ბეი აღაოღლუს, ასევე მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა იუსიფ ბეი აქჩურალისთან, ზია გიოქალფსა და სხვა გამოჩენილ მეცნიერებთან. რასულზადე აღტაცებული იყო „ახალგაზრდა თურქების“ ორგანიზაციით, მუშაობდა „თურქული ოჯახის“ საზოგადოებაში და 1911 წლის ნოემბრიდან, ჟურნალ „თურქული მამულის“ აქტიური მწერალი გახდა.

თურქეთში, რასულზადე ჯერ სტამბოლში ყოფნის დროს, მისი მითითებით 1911 წლის ოქტომბერში ყოფილი ჰუმათის წევრების თაღი ნაღიევისა და აბასყულუ ქაზიმზადეს მიერ დაფუძნებულ — „მუსლიმური დემოკრატიული მუსავათის პარტია“-ში შედის და ძალიან მოკლე დროში მისი ლიდერი ხდება.[8] ამ წლებში, რასულზადე აქტიურად აგრძელებს თავის ლიტერატურულ-პუბლიცისტურ საქმიანობას.

ბაქოში დაბრუნება

პარტია „Hümmət“ (ჰიუმატის) დამფუძნებლები. მარცხნიდან მარჯვნივ: მაშადი აზიზბეიოვი, აჟდარ მალიქოვი, ასადულა ახუნდოვი და მამედ ემინ რასულზადე.

1913 წელს, რომანოვების დინასტიის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთო შეწყალება გამოცხადდა და რასულზადეს საშუალება ეძლევა დაბრუნდეს სამშობლოში.

1917 წლის თებერვალში ბურჟუაზიული რევოლუცია მოხდა. მუსავათის პარტიის ორგანომ, რომელმაც თავისი საქმიანობა იმავე წლის მარტში დაიწყო, გაზეთში „ღია სიტყვა“ წერდა:

ვიკიციტატა
„დღედე ჩვენ არ ვიცოდით რა არის თავისუფლება, რა არის ორგანიზაცია და ა.შ. ახლა კი აღმოვჩნდით საშინელი რევოლუციური ქარიშხალის ეპიცენტრში.[9]

1917 წლის აპრილში, ბაქოში კავკასიის მუსლიმთა კონგრესი შეიკრიბა. კონგრესმა, რასულზადეს შემოთავაზებით მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციული სახით ორგანიზების შესახებ. იმავე წლის მაისში, მოსკოვის მუსლიმთა საქველმოქმედო საზოგადოებისთვის გადაცემულ შენობაში, რომელიც აზერბაიჯანელი მოღვაწი შამსი ასადულაევის მიერ იყო შემოწირული, გაიხსნა რუსეთის მუსლიმთა ყრილობა. რასულზადე გამოვიდა მოხსენებით რუსეთის ფედერაციულ ფორმირებაზე. კონგრესმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რასულზადეს წინადადება მომავალი რუსეთის ფედერაციის შექმნის შესახებ, რომელიც შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი ერთეულისგან, როგორებიცაა თურქ-თათრეთი, თურქესტანი, ყაზახეთი, ბაშკირეთი და აზერბაიჯან-დაღესტანი.

ამ პერიოდში რასულზადემ გამოაქვეყნა თავისი წიგნები „ხალხის მმართველობა“ და „რომელი მთავრობაა სასარგებლო ჩვენთვის?“. მოგვიანებით, მოსკოვის მუსლიმთა კონგრესზე გაკეთებული მოხსენების საფუძველზე გამოაქვეყნა წიგნი „ორი ხედვა მმართველობის თაობაზე“.

მაისის თვეში, რასულზადეს რედაქციით გამოქვეყნდა ჟურნალი „ძმური დახმარება“, თუმცა ჟურნალის მხოლოდ ერთი ნომერი გამოიცა. 1917 წლის ივნისის მეორე ნახევარში, „მუსლიმთა დემოკრატიული მუსავათის პარტია“ და „თურქ ადამიათის ცენტრისტული პარტია“ გაერთიანდნენ და დაიწყეს საქმიანობა „მუსავათის“ სახელით.[10] მისი რეგიონალური დეპარტამენტები არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ ასტრახანში, სტავროპოლში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთის დედაქალაქებში, თურქესტანის ცენტრ ტაშკენტში, სამხრეთ აზერბაიჯანის ცენტრ თავრიზში, ირანის გილანის ოსტანის დედაქალაქ რეშთიში და ოსმალეთის დედაქალაქ სტამბოლში მოქმედებდა.

1917 წლის 26 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე, 500 დელეგატის მონაწილეობით, ბაქოში მუსავათის პარტიის პირველი ყრილობა ჩატარდა, სადაც მამედ ემინ რასულზადე პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ კონგრესის შემდეგ, ბაქოსა და აზერბაიჯანის ყველა ქალაქში დაიწყო ეროვნული მოძრაობა სლოგანით დამოუკიდებლობა აზერბაიჯანს. ისტორიაში ეს პერიოდი „აზერბაიჯანის ეროვნული მოძრაობის“ ხანად შევიდა.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

1917 წლის შემოდგომაზე, რასულზადე რუსეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს აზერბაიჯანისა და თურქესტანის ოლქიდან. 1918 წლის 26 მაისს, შიდა კონფლიქტების შედეგად, ამიერკავკასიის სეიმი დაიშალა. ამავე თვის 27 რიცხვში, ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა პარტიის წევრებისაგან, რომლებიც შედიოდნენ სეიმის მუსლიმთა ფრაქციაში. ხმათა უმრავლესობით, რასულზადე ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 1918 წლის 28 მაისს, აზერბაიჯანის მასშტაბით ყველა რადიოსადგურებისა და გაზეთების საშუალებით გამოცხადდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. ეს იმას ნიშნავდა, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობამ, როგორც ერი მთელ კაცობრიობას განუცხადა თავისი არსებობისა და ეროვნული სახელმწიფოს დაარსების შესახებ. ფათალი ხან ხოისკის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა. ამრიგად, აზერბაიჯანის მოსახლეობამ დააარსა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა არა მხოლოდ თურქულ ერებს შორის, არამედ მთელ ისლამურ აღმოსავლეთში. 17 ივნისს, აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე, რასულზადემ თავის გამოსვლაში განაცხადა:

ვიკიციტატა
„მეორე მსოფლიო ომისა და რუსეთის რევოლუციის გავლენით, აზერბაიჯანი პირველ ნაბიჯს დგამს მნიშვნელოვან მისწრაფებაში. ახალი თურქული პოლიტიკა, რომელიც შეიძლება შეცვალოს ცხოვრება ახალი სახით, არის ის საკითხი, რომელიც ხალხის ყველა გონებას იკავებს და დროა, როდესაც ადამიანი, ვინც იბრძოდა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, უნდა აიღოს უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომ აზერბაიჯანს ჰქონდეს ბრწყინვალე მომავალი.[11]
მამედ ემინ რასულზადე თავის თანამოაზრეებთან ერთად. მარჯვნიდან მარცხნივ: აბასყულუ ქაზიმზადე, ქარბელაი ველი მიქაილოვი, ნასიბ იუსიფბეილი, მირზა მამედ ახუნდოვი, მამედ ემინ რასულზადე, მამედ ალი რასულზადე, თაღი თაღიევი.

რასულზადემ, თავის ემოციურ გამოსვლაში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ჟურნალ „Dirilik“-ის ფურცლებზე დაწერილ და შემდგომში, 1917 წლის აპრილში, ბაქოში ჩატარებულ კავკასიის მუსლიმთა კრებაზე ისევ გამოთქმულ „აზერბაიჯანის მისწრაფების“ თემას შეეხო. სამწუხაროდ, 1918 წლის 28 მაისამდე, ანუ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, მთელი რიგი ცნობილი რევოლუციონერების ნაწარმოებში არ არის აღნიშნული, რომ ამ მიწას აზერბაიჯანი ჰქვია და ამ ერის სახელწოდებაა აზერბაიჯანელი. აზერბაიჯანელი ხალხი მხოლოდ იმ დროს გათავისუფლდა კოლონიალიზმისგან, როდესაც ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხი წარმოიშვა და ამით ყველა უსამართლობა დასრულდა. 1918 წლის 7 დეკემბერს, აზერბაიჯანის პარლამენტის საზეიმო გახსნისას, რასულზადემ განაცხადა:

ვიკიციტატა
„იმ დროს (1917 წელს) ჩვენ ვიცავდით ჩვენთვის საუკეთესო საკითხს — აზერბაიჯანის ავტონომიას. ჩვენ მაშინ მარჯვნიდან და მარცხნიდან დაუნდობელი კრიტიკის ქვეშ აღმოვჩბდით. მარჯვინიდან გვეუბნებოდნენ, რომ აზერბაჯანელობის სლოგანით ჩვენ მუსლიმებს ვყოფდით, თურქული დროშის აწევისას გვეუბნებოდნენ — ღმერთმა დაგწყევლოთ — თქვენ ისლამის საფუძველს ანადგურებთ. მარცხნიდან გვეუბნებოდნენ, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ჩვენ ერთიან დემოკრატიულ ფრონტს ვანადგურებთ. მიუხედავად ამისა, მუსავათის პარტიამ პირველად ააფრიალა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დროშა.“

ამრიგად, არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მუსლიმ პარტიათა შორის დამოუკიდებელი აზერბაიჯანის იდეასთან მიმართებაში. ხალხის ცნობიერებაში უკვე გამყარდა აზერბაიჯანის იდეა.[12]

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გახსნა ასევე უკავშირდება რასულზადეს სახელს. ამ მხრივ, მან არაერთხელ ისაუბრა აზერბაიჯანის პარლამენტში, სადაც მკაცრად მოითხოვდა უნივერსიტეტის გახსნას. უნივერსიტეტის პირველი რექტორი, პროფესორი რაზუმოვსკი, 1922 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ქალაქ ბაქოში უნივერსიტეტის საფუძვლის დაარსების“ შესახებ წერდა:

ვიკიციტატა
„რასულზადეს დახმარებით, მისი ძალით და განმანათლებლობით, მუსავათის პარტიაში უნივერსიტეტის იდეის ღია და საიდუმლო მტრები იძულებულნი იყვნენ პარტიის გადაწყვეტილებას დაემორჩილნონ. ჩვენ უკვე გვქონდა ორი პარტია. მუსავათი და სოციალისტები, რაც პარლამენტში წარმომადგენლობის უმრავლესობას გულისხმობდა.[13]

1920 წლის მარტში, ბაქოში რუსულ ენაზე გამოცემულ „1920 წლის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კალენდრის გვერდზე“ აღნიშნულია, რომ რასულზადე უნივერსიტეტში ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ოსმალეთის ლიტერატურის ისტორიას კითხულობდა.

როგორც ბურჟუაზიული ფიგურა, მან უპასუხა მათ, ვინც ცდილობდა ხელი შეეშალა მას: „სიღარიბის გამო ვერ მივიღე უმაღლესი განათლები, თქვენ კი ფულის საშუალებით რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში მიიღეთ განათლება, დღეს როგორ მოგმართოთ თქვენ, რომლებიც თავს ასახელებთ ბოლშევიკებად.“[14]

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლისთავთან დაკავშირებით, 1919 წელს ბაქოში დაიბეჭდა ერთადერთი ნომერი ჟურნალ „İstiqlal“-ის, რომელიც არ იყო ფართოდ წაკითხული მკითხველების მიერ და სადაც გამოქვეყნდა რასულზადეს ნაწარმოები სახელწოდებით „აზერბაიჯანის რესპუბლიკა“.

რასულზადე და სტალინი

საუკუნის დასაწყისში, 1907 წლის ბოლოს ქალაქ ბაქოში რევოლუციონერმა იოსებ სტალინმა და რასულზადემ ერთმანეთი გაიცნეს. რასულზადეს სტატიაში სათაურით „სტალინი და რევოლუცია“, რომელიც სტამბოლში გამოქვეყნებულ გაზეთ „Dünya“-ში დაიბეჭდა, აღწერილია 1905 წლის ამბავი, სადაც ნავთობმაგნატებს სტალინის ბალახანის ნავთობსაბადოს ჭაში ჩაგდება უნდოდათ, რადგან მან მუშები მიტინგზე გამოუყვანა, თუმცა რასულზადემ ის დაღუპვისგან გადაარჩინა, ხოლო შემდეგ მუსავათის პარტიის წევრები მას ბაილის ციხიდან გაქცევაში დაეხმარნენ.[15]

1920 წლის ნოემბრის დასაწყისში, ოქტომბრის რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით ბაქოში მყოფმა სტალინმა შეიტყო, რომ რასულზადე დაპატიმრებულია. სტალინი, XII არმიის სპეციალური განყოფილების უფროსს პანკრატოვს რსფსრ-ის ხალხთა კომისარიატის სახელით მითითებას აძლევს და თვითონ მიდის ციხეში, სადაც რასულზადეს ათავისუფლებს. ამდენად, სტალინმა რასულზდეს წინაშე სინდისის მოვალეობა გადაიხადა, რაც მას 1905 წელს მისი სიკვდილისგან ხსნის შემდეგ გააჩნდა. შემდგომში, სტალინმა რასულზადე მოსკოვში წაიყვანა და რსფსრ-ის ხალხთა კომისარიატის პრესსამსახურის რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშნა. რასულზადემ რსფსრ-ის ხალხთა კომისარიატის მფარველობის ქვეშ, მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის (ყოფილის ლაზარევის) ინსტიტუტში სპარსულ ენას ასწავლიდა. რსფსრ-ის ხალხთა კომისარიატის ორგანოს, კერძოდ ჟურნალ „ნოვი ვოსტოკ“-ის 1922 წლის პირველ ნომერში ნათქვამია, რომ ჟურანლის მე-2 ნომერში რასულზადეს სტატია გამოვა სახელწოდებით „ძველი ირანის კომუნისტები“. თუმცა, ეს სტატია არ გამოქვეყნებულა. სტატია, რომელიც მაზდაკიზმის მოძრაობას ეხებოდა, დიდი ალბათობით რასულზადეს ემიგრაციაში წასვლის მიზეზით არ დაიბეჭდა. რასულზადეს გამგზავრების ზუსტი დეტალები ასახულია ცნობილი აზერბაიჯანელი ლიტერატურული კრიტიკოსის, თურქეთში მოღვაწე აბდიულვაჰაბ იურდსევარის მოგონებაში, სადაც ის წერს:

ვიკიციტატა
„მუსავათის პარტიის საიდუმლო ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე, რასულზადეს მოსკოვიდან გატაცება გახდა. თავდაპირველად, ერთი მეგობრის მეშვეობით, შემდეგ კი პარლამენტის ყოფილი წევრის, რაჰიმ ბეი ვაქილოვისა და ბაქოს არმიის ორგანიზაციის უფროსის, დადაშ ჰასანოვის მეშვეობით, რასულზადესთან კავშირი დამყარდა. რასულზადეს შეთავაზეს, რომ სამეცნიერო-კვევითი საქმიანობის სახელით წასულიყო ლენინგრადში. იქ, დაღუპული ეროვნებით თათარი განმანათებლის მუსა ბიგიევის (1875-1949) დახმარებით, ნავით ფინეთის ყურის გავლით ფინეთში გაქცეულიყო.[16]

ემიგრაცია

რასულზადე, რომელმაც 1922 წელს პეტროგრადიდან (დღეს სანქტ-პეტერბურგი) ფინეთში გაემგზავრა, შემდგომში დასავლეთ ევროპის გავლით თურქეთში ჩადის.

1923 წელს, სტამბოლში გამოიცა რასულზადეს წიგნი სახელწოდებით „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორია, ფორმირება და ამჟამინდელი მდგომარეობა“. გამოიცა ასევე მისი წიგნები „საუკუნის წიგნები“, „დამოუკიდებლობის იდეოლოგია და ახალგაზრდობა“. 1923-27 წლებში, სტამბოლში გამოქვეყნდა გაზეთი „ახალი კავკასია“, მაგრამ მოსკოვის თხოვნით, ქემალისტურმა მთავრობამ დახურა ის და რასულზადე იძულებული გახდა ევროპაში გადასულიყო. ცხოვრობდა ვარშავასა და ბერლინში.

1928 წელს, რასულზადემ სტამბოლში გამოაქვეყნა თავისი რამდენიმე ნამუშევარი, მათ შორის „რევოლუციური სოციალიზმის დაშლა და დემოკრატიის მომავალი“, „ერი და ბოლშევიზმი“ და „კავკასიური თურქები“.[17] იმავე წელს იგი გამოსცემს გაზეთს „აზერბაიჯანელი თურქი“ (1928-1931), შემდეგ კი „ცეცხლიანი მიწა“ (1929-1930) და ყოველკვირეულ გაზეთს „შეტყობინება“ (1929-1931), რომელთა რედაქტორი თვითონ რასულზადეა. 1930 წელს, პარიზში, ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა რასულზადეს წიგნი სახელწოდებით „აზერბაიჯანი და მისი დამოუკიდებლობა“ და რუსულ ენაზე „კავკასიურ პრობლემებთან დაკავშირებით პანთურანიზმი“. 1931 წლიდან, ევროპის ქვეყნებში გრძელდება რასულზადეს საემიგრაციო პერიოდი. მისი რედაქციით, ბერლინში თვეში სამჯერ გამოიცემოდა გაზეთი „დამოუკიდებლობა“ (1932-1934) და ჟურნალი „აღორძინება“ (1934-1938).

1933 წელს ბერლინში რასულზადეს მიერ გამოქვეყნებულმა წიგნმა „ზოგიერთი შენიშვნები აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესახებ“ დიდი ინტერესი გამოიწვია. რასულზადე ასევე ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსიც იყო. 1936 წელს ბერლინში დაიბეჭდა მისი წიგნი „თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურა“. ასევე, 1938 წელს ბერლინში, გერმანულ ენაზე გამოიცა წიგნი „აზერბაიჯანის პრობლემა“ და 1939 წელს პოლონურ ენაზე ვარშავაში გამოიცა წიგნი სახელწოდებით „აზერბაიჯანის ბრძოლა თავისუფლებისათვის“. 1938 წლიდან პოლონეთის მთავრობაში მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ, 1940 წლიდან ცხოვრობდა რუმინეთში. 1943 წელს სტამბოლში გამოცემულ „ისლამურ-თურქული ენციკლოპედია“-ში დაიბეჭდა მისი სტატია სახელწოდებით „აზერბაიჯანული დიალექტი“. 1947 წელს, რასულზადე საცხოვრებლად ანკარაში გადმოდის და 1949 წელს გამოიცემა მისი წიგნი სახელწოდებით „აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობა“. მისი წიგნები „თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურა“ (1950) და „აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორია“ (1951) გვიჩვენებნ, რომ რასულზადემ იმ წლებში შრომობდა ნაყოფიერად. მოგვიანებით, 1951 წელს, ანკარაში გამოაქვეყნა მონოგრაფია სახელწოდებით „აზერბაიჯანელი პოეტი ნიზამი“ და მრავალი ინოვაცია შემოიღო მსოფლიო ნიზამისმცოდნეობაში.

იმავე წელს, რასულზადემ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამომავალი ჟურნალის „უკრაინა“-ს 1951 წლის მე-3 ნომრის მე-7 ტომში, გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „აზერბაიჯანის რესპუბლიკა“. ლონდონში, ბრიტანულ ენციკლოპედიაში გამოქვეყნდა „მუსავათის პარტიის დაფუძნების ისტორია და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირების“ სტატია. რაზულზადეს მიერ აზერბაიჯანის შესახებ დაწერილი მრავალი სტატია დაიბეჭდა თურქეთის ენციკლოპედიაშიც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოქვეყნდა. ანკარაში ყოფნისას მან მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთის ისტორიულ საზოგადოებასთან და თურქულენოვან ორგანიზაციებთან. 1952 წლიდან, ანკარაში ჟურნალ „აზერბაიჯანში“ რასულზადემ გამოაქვეყნა მთელი რიგი სტატიები აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიასა და ლიტერატურის შესახებ.

ურთიერთობა ჰიტლერთან

რასულზადეს, ადოლფ ჰიტლერთან, რომელიც 1932-1945 წლებში გერმანიის მმართველი იყო, პირდაპირი ურთიერთობა არ ჰქონია. მას გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობა სსრკ-ის გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ გერჰარდ ვონ მენდესა და გერმანიის მოსკოვში ყოფილი ელჩის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, შულენბერგის მეშვეობით ჰქონდა. რასულზადეს მთავარი მიზანი გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობების დამყარებისას, 70 ათასამდე აზერბაიჯანელი მძევლისა და გერმანიის მიერ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, გერმანიაში ყოფნისას რასულზადემ „აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტი“ შექმნა და გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა. თუმცა, ჰოტლერმა უპირატესობა არა „კომიტეტებს“, არამედ „ეროვნულ კომისიებს“ მიანიჭა.[18]

ჰიტლერის და მისი ფაშისტური იდეოლოგიის მიმართ დამოკიდებულება რასულზადემ შემდეგი სიტყვებით გამოხატა:

ვიკიციტატა
„ჰიტლერიზმი, უპირველესყოვლისა, კომუნისტური დემაგოგიის წინააღმდეგ შექმნილი იდეაა. მან ფაშიზმიდან დიქტატურა მოსპო, თუმცა, მისი ადგილი ნაციონალიზმს დაუთმო.“

გერმანიაში 1932-1934 წლებში გამოსულ ნაშრომში „დემოკრატია და საბჭოეთი“, იგი ფაშიზმის მიმართ დამოკიდებულებას ასე გამოხატავს:

ვიკიციტატა
„საზღვარგარეთ მყოფი მტრების მოსაზრებით, ჰიტლერიზმი, როგორც დემოკრატიული რეჟიმის ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში, რომლის საფუძველი იტალიაში ჩაეყარა.“

ლიტერატურული მოღვაწეობა

რასულზადემ თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა მეოცე საუკუნის დასაწაყისში და ეროვნული მოძრაობის აქტიურობის წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი სახელწოდებით „მიუხამასი“ გაზეთ „შარგი-რუს“-ში (რუსული აღმოსავლეთი) გამოქვეყნდა.[19] რასულზადეს სხვადასხვა თემებზე დაწერილი სტატიები და ლექსები დაიბეჭდა ალი ბეი ჰიუსეინზადეს რედაქტობის ქვეშ არსებულ ჟურნალ „ფიუზატში“, ასევე აჰმედ ბეი აღაოღლუს რედაქტორობის ქვეშ არსებულ გაზეთებში „ირშადსა“ და „თარაგიში“. დროებით ის „ირშადის“ რედაქტორიც იყო. 1907 წელს, გახდა უდიდესი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის „თურქულ-რუსული და რუსული-თურქული ლექსიკონის“ წიგნის გამომცემელი. იმავე წელს, რასულზადემ გადათარგმნა აზერბაიჯანულად ა. ბლიუმის წიგნი „რა თავისუფლება სჭირდება მუშა კლასს“ (ხალხის წარმომადგენლობის შესახებ) და გამოაქვეყნა ძმები ორუჯოვების სტამბის მეშვეობით, „თაქამულ“-ის გაზეთის რედაქციის სახელით.

1908 წლის 5 დეკემბერს, მამედ ემინ რასულზადეს პიესა „სიბნელეში სინათლე“ დაიდგა. პიესის მთავარი იდეა ეროვნული მიზნის გამოღვიძება და დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელშეწყობა იყო. თავისი საქმიანობით დაიწყო „დამოუკიდებელ აზერბაიჯანის“ იდეის გავრცელება. მისი პიესა პირველი დრამაა აზერბაიჯანში, რომელიც მთლიანად უკავშირდება ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობას. გარდა ამ ნამუშევრისა, მას ასევე დაწერილი აქვს პიესა სახელწოდებით „ნაგაჰან ბელა“ (აზერ. Nagəhan bəla).

თურქეთში ყოფნისას, რასულზადემ ჟურნალ Şəlalə-ში გამოაქვეყნა სტატიები „ახალი ენათმეცნიერები და თურქისტები“, მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტი „ერთი ხანი“ თავრიზის ცხოვრების შესახებ და „ენა არის საჯარო ქმედება“. ამ უკანასკნელ სტატიაში, იგი აზერბაიჯანულ-თურქულ ენას იცავს და თავის ხალხისთვის მის შენარჩუნებას ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს.

გარდა ამისა, იგი თარგმნის და გამოსცემს მაქსიმ გორკის ნაწარმოების „დედა“-ს ერთ ნაწილს. ნაშრომმა, იმ წლებში აზერბაიჯანულ ლიტერატურაზე გარკვეული გავლენაც მოახდინა. 1914 წლის 16 სექტემბერს, გამოქვეყნდა ლიტერატურულ-სოციალური, ისტორიული და პოლიტიკური ჟურნალი „ყოფნის“ (Dirilik) პირველი ნომერი, პოეტ, მწერალ და ჟურნალისტ ალიაბას მიუზნიბის რედაქტორობით. მ.ა.რასულზადეს მთავარი სტატია სახელწოდებით „რა არის ყოფნა“ განსაზღვრავდა ჟურნალის იდეის მიმართულებას და ხალხს ეროვნული აღორძინებისკენ მიუწოდებდა.

„მარ“, „მარ-ზადე“, „მ.რ-ზადე“, „ჰამან“, „სოციალისტი“ და სხვა მისი ფარული ხელმოწერების ქვეშ, სხვადასხვა პერიოდებში პრესის გვერდებზე გამოქვეყნდა მთელი რიგი სტატიეიბი.

სიკვდილი

რასულზადეს საფლავი ანკარაში

მამედ ემინ რასულზადე, რომელიც ანკარის საუნივერსიტეტო კლინიკაში დიაბეტის დიაგნოზით იმყოფებოდა, 1955 წლის 6 მარტს, საღამოს 10:50 საათზე გარდაიცვალა. გარდაცვალებმადე, როგორც ცნობილია, სამჯერ წამოიძახა „აზერბაიჯანი, აზერბაიჯანი, აზერბაიჯანი!“. ანკარის რადიომ, 7 მარტს, 22:45 საათზე მწუხარებით მთელ მსოფლიოს აცნობა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ფუძემდებლის მამედ ემინ რასულზადეს გარდაცვალების შესახებ. 8 მარტს, ანკარაში, ჰაჯი ბაირამის მეჩეთში რასულზადეს მეგობრებმა მას პატივი მიაგეს. ანკარის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქემალ აიგუნმა, ასევე გამოხატა თავისი მწუხარება. დაკრძალვზე იმყოფებოდნენ „აზერბაიჯანის კულტურის ასოციაციის“, „სოლიდარობის ასოციაციის“, „ეროვნული ბიბლიოთეკის“, „თურქეთის ბიბლიოთეკათა ასოციაციის“, „ყარსელი უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის“, „გაზეთების ასოციაციის“ წევრები, აგრეთვე იდილ-ურალი, ყირიმის თურქებისა და პოლონეთის წარმომადგენლები.[20] დაკრძალვის ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიცაა აბდულვაჰაბ იურდსევარი, აჰმედ ჯაფაროღლუ, მირზა ბალა მამედზადე, ჰამდულაჰ სუბჰი თანრიოვერი, სადრი მაქსუდი, ჯაფარ სეიდაჰმედ კრიმარი, აბდულა ბათალ ტაიმასი, აჰმედ ზექი ვალიდი თოღანი. რასულზადე, ანკარის ჯებეჯი ასრის სასაფლაოზე დაკრძალეს. მნიშვნელოვანი ნეკროლოგები გამოიცა თურქეთში, ირანსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მათ შორისაა „სამყარო“ და „ბირლიკი“ თურქეთში, ირანში გამოცემული გაზეთები „არამი“ და „ირან-ნოუ“, ასევე გერმანიაში რადიო „აზადლიკი“. ყველაზე საინტერესოა თაღიზადეს მიერ გამოქვეყნებული ნეკროლოგი. წარმოშობით ორდუბადელი თაღიზადე, დაიბადა ირანის ქალაქ თავრიზში (სამხრეთი აზერბაიჯანი), რასულზადესთან ერთად იყო ერთ-ერთი რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელი, მოგვიანებით ფაჰლავის მმართველობის მხარდამჭერი და ამგვარად თავისი ხალხისთვის უცხო პირად გარდაქმნილი ადამიანი. ირანის ერთ-ერთი განთქმული სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და მეცნიერი სეიდ ჰასან თაღიზადე ჟურნალ „სუჰანში“ წერდა: „რასულზადე იყო ერთ-ერთი რიგგარეშე უსახური ადამიანი, რომელსაც მთელ აღმოსავლეთში ანალოგი არ გააჩნია. მე შემიძლია ვთქვა, რომ მამედ ემინ რასულზადე იყო ძალიან განათლებული, ძლიერი და ჯანსაღი აზროვნების მქონე, თავდაუზოგავი, სრულფასოვანი, სამაგალითო ადამიანი“.[21]

წარწერა რასულზადეს საფლავის ქვაზე

1978 წელს, ანკარაში გამოქვეყნდა რასულზადეს წიგნი სახელწოდებით „ეროვნული სოლიდარობა“. 1985 წელს, ოქსფორდში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი წიგნი სახელწოდებით „პანთურანიზმი კავკასიის პრობლემებთან დაკავშირებით“, ხელმეორედ წიგნი გამოიცა რუსულ ენაზეც. 1989 წელს, რასულზადეს წიგნები ანკარაში გამოიცა, როგორც „საუკუნის ზარი“ და 1990 წელს გამოიცა მისი წიგნი „ისტორია, ფორმირება და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ამჟამინდელი სახელმწიფო“. 1993 წელს, თურქეთის რესპუბლიკაში გახსნილ სკოლას მიენიჭა მისი სახელი (მამედ ემინ რასულზადეს ანადოლუს ლიცეიუმი).

მამედ ამინ რასულზადეს დაბადების დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტმა, აბულფაზ ელჩიბეიმ, 1992 წლის 24 დეკემბრს ხელი მოაწერა „გამოჩენილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე მ. ა. რასულზადეს ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის პერიოდში რეპრესირებული ოჯახის წევრების აზერბაიჯანში დაბრუნებისა და მათი სოციალურ საკითხთა გადაწყვეტის შესახებ“ 254-ე განკარგულებას.[22]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა, 1993 წლის 13 იანვარს გადაწყვეტილება მიიღო „ქალაქ ბაქოში რასულზადეს ძეგლის დადგმის შესახებ“. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-3 პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა, 1993 წლის 29 დეკემბრის ხელი მოაწერა „აზერბაიჯანის გამოჩენილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის, რასულზადეს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით“ 79-ე ბრძანებას.[23][24]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-4 პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, 2013 წლის 22 ნოემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას მამედ ემინ რასულზადეს 130 წლის იუბილეს ჩატარების შესახებ.[25]

ანკარის მუნიციპალიტეტის მიერ, ჯებეჯი ასრის სასაფლაოზე, რასულზადეს საფლავთან დაიდგა მემორიალი. მემორიალის გასწვრივ აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშები ფრიალებს.

მოღვაწეობის ქრონოლოგია

  • 1902 წელს დააარსა „მუსლიმთა ახალგაზრდული ორგანიზაცია“.
  • 1903 წლის 2 მაისს, გამოქვეყნდა მისი პირველი სტატია გაზეთ „აღმოსავლეთის რუსეთში“. იმავე წელს დააარსა აზერბაიჯანის ახალგაზრდა რევოლუციონერთა საზოგადოება, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა.
  • 1903 წლის 14 მაისს, გაზეთ „აღმოსავლეთის რუსეთში“ გამოქვეყნდა მის ბიძაშვილთან, მამედ ალი რასულზადესთან ერთად დაწერილი სტატია სახელწოდებით „თავმდაბლობისა და სიმამაცის დრო“.
  • 1903 წლის 18 მაისს, გაზეთ „აღმოსავლეთის რუსეთში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ჩვენი კორესპონდენტები“, რომელიც ეხებოდა მეცნიერების მნიშვნელობას და სტატიის ბოლოში გამოქვეყნდა ლექსი სათაურით „მეცნიერება განსაზღვრავს“.
  • 1904 წლის ივნისში სტალინი ბაქოში რევოლუციური საქმიანობისთვის ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სოციალურ დემოკრატიულ მუშათა პარტიის ბაქოს კომიტეტმა, ეროვნული აღორძინების იდეის გავრცელებით დაკავებულ 20 წლის რასულზადესა და მის ორგანიზაცია „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი რევოლუციონერები“-ს, თავისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობდა. სტალინისა და რასულზადეს პირველი გაცნობა ამ ბოლოს ბიძაშვილის, რასულოღლუს მეშვეობით მოხდა. ბაქოში, ბალახანის უბანში ქარხნის მუშების კუთვნილ ოთახში გამართული შეხვედრა, შემდგომში ახლო მეგობრობაში გადაიზარდა. მოგვიანებით, რასულზადემ სტალინის ბაქოს ბაილის ციხიდან გაქცევაში დაეხმარა.
  • 1904 წელს, რასულზადეს რედაქტორობით გამოქვეყნდა გაზეთი „ჰიუმათი“. თავის ერთ-ერთ გამოსვლაში რასულზადემ აღნიშნა, რომ „ჰიუმათი“ კავკასიაში პირველი გაზეთია, რომელიც მოქმედებს თურქული (აზერბაიჯანული) პრესის პარტიულ ორგანოში. 1904-1905 წლებში გამოიცა გაზეთის 5-6 ნომრები და შემდეგ შეწყდა. 1917 წლის 3 ივლისს, გაზეთი კვლავ დაიბეჭდა ბაქოში, ნარიმან ნარიმანოვის რედაქტორობით.
  • 1905 წელს, გაზეთ „ჰიუმათის“ მესამე ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „Hümmətür-rical“ (ანუ „კაცების მამაცობა მთებს ამოგლეჯს“). სტატიაში ყურადღება ეთმობა გაერთიანებისა და ისლამის განსაკუთრებულ როლზე.
  • 1906 წლის 5 იანვარს დაიწყო გაზეთ „ირშადთან“ თანამშრომლობა, სადაც გამოაქვეყნა მისი სტატია „კატასტროფა სოფელში“. სტატიაში საუბრობს სომხურ-მუსლიმურ ხოცვა-ჟლეტაზე და მოუწოდებს: „მოქალაქეებო, კმარა ამდენი განადგურება! კმარა ამდენი უყურადღებობა!“.
  • 1906 წლის 16 თებერვალს, გაზეთ „ირშადში“ გამოქვეყნდა მისი ლექსი „შავი ფული“, ფსევდონიმით „რაზი“.
  • 1906 წლის 20 თებერვალს, გაზეთ „ირშადში“ პირველად დაწერა ირანისა და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, სადაც წერს: „გაუმარჯოს დემოკრატიას! კანონიერებას გაუმარჯოს ირანში!“.
  • 1906 წლის 3 მარტს, „ირშადში“ გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „ჩინელი მუსლიმები“.
  • 1906 წლის 8 მარტს, ბაქოში „ნიჯათ“-ის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების სხდომა გაიმართა. რასულზადე საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო. ამ საზოგადოების წევრები ასევე იყვნენ: უზეირ ჰაჯიბეკოვი, ჰიუსეინყულუ სარაბსკი, სულთან მაჯიდ განიზადე, მეჰდი ბეი ჰაჯინსი, სიდყი რუჰულა და სხვა ცნობილი პირები. საზოგადოების მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანელთა შორის წერა-კითხვის გავრცელება, ღარიბი და ობოლი ბავშვებისთვის დახმარების გაწევა, მათი მოზიდვა სკოლებში და საჭიროების შემთხვევაში ფინანსური დახმარება. საზოგადოებამ ბიბლიოთეკა გახსნა ბაქოსა და ბაქოს ზოგიერთ სოფელში. 1908 წელს ბაქოში, „ნიჯათის“ საზოგადოების აქტიურობით, დაიდგა „ლეილი და მაჯნუნის“ ოპერა. საზოგადოება კვირაში ერთხელ აქვეყნებდა გაზეთს. საზოგადოება ხშირად ქალაქის ბაღში აწყობდა კრებებს, ამ კრებებიდან შეგროვილ თანხებით კი ახორციელებდა საქველმოქმედო ღონისძიებებს. რასულზადეს ხელმძღვანელობით ორგანიზებული ერთ-ერთი ასეთი კრებიდან შეგროვილი 200 რუბლის საშუალებით მოხდა სტალინის ციხიდან გაქცევის ორგანიზება.
  • 1906 წელს დაარსებული „აზერბაიჯანელი ახალგაზრდების რევოლუციური საზოგადოება“ იმ დროისათვის „მუსლიმთა დემოკრატიული მუსავათის საზოგადოების“ სახელით მუშაობს. ამ ორგანიზაციის მთავარი ხაზი მჭიდროდ უკავშირდება რევოლუციას და რევოლუციონერებს ირანში.
  • 1906 წლის 19 ივლისს, ბაქოში გამოქვეყნებულ გაზეთ „მოწვევა“-ში დაიწერა რასულზადეს სტატია სახელწოდებით „დამსახურების ხელშეკრულება“, სადაც ის უარყოფითად აფასებს სომხურ-მუსლიმურ ხოცვას. აკრიტიკებს იმ დროინდელ ბიუროკრატიულ რეჟიმს და წერს: „ორი ქვეყანა იბრძოდა ერთმანეთთან და მათ სურდათ რევოლუციის უსაფუძვლო სისხლში ჩაძირვა“.
  • 1906 წლის 16 დეკემბერს, გაზეთ „ევოლუციის“ პირველ გამოცემაში მისი სტატია სახელწოდებით „ეშმაკის შედეგები“. ამ სტატიაში ის აღნიშნავს, რომ ხოცვა-ჟლეტის შედეგად, როგორც მუსლიმები, ისე სომხები დაზარალდნენ და ორივე მხარე განიცდის ამ უბედურებას.
  • 1906 წლის 20 ივლისს, გაზეთ „დევეტმა“ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ბალაი-აზმი“. ამ სტატიაში ის საუბრობს რუსეთის მხრიდან მომავალ კატასტროფებზე, აგრესიაზე და სისასტიკეზე, მკაცრად აკრიტიკებს მეფის რუსეთის ოფიცრებს: „კმარა ამდენი ხალხის სისხლის სმა, გეყოფათ ორი ხალხის ერთმანეთის მიმართ მტრად გამოსახვა, გეყოთ ორი ერისთვის უსაფუძვლო დაპირებების მიცემა“.
  • 1907 წლის 3 თებერვალს, გაზეთ „ევამულის“ მე-7 გამოცემაში გამოქვეყნდა „ნაღანი ბადალა“-ს სახელწოდების მცირე სპექტაკლი. ამ ნაწარმოებში, იგი ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელობას, საუბრობს მუშათა გაფიცვების შესახებ.
  • 1907 წლის ბოლოს, პოლიტიკური საქმიანობის გამო მისი დევნა დაიწყო.
  • 1908 წელს მუშაობა დაიწყო ირანში (1908-1911), მონაწილეობდა სატარ ხანის მოძრაობაში.
  • 1910 წელს დააარსა ირანის დემოკრატიული პარტია.
  • 1911 წელს რუსეთის საელჩოს თხოვნით გაძევებულია ირანიდან.
  • 1911-1913 წლებში მუშაობდა წლებში სტამბოლის „თურქულ წყაროში“ და საინტერესო სტატიებს წერს გაზეთ „თურქეთის მიწა“-ში.
  • 1913 წელს, რომანოვების დინასტიის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გენერალური შეწყალების შემდეგ, ის ბაქოში დაბრუნდა და ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო.
  • 1917 წელს მუსავათის პარტიის თავმჯდომარე გახდა.
  • მას შემდეგ, რაც 1920 წლის 27 აპრილს დააკავეს, იგი მოსკოვში გადაიყვანეს, იქ ცოტა ხნით ცხოვრების შემდეგ, მუსავათის პარტიის მითითებით ის ლენინგრადში გადავიდა, შემდეგ კი ფინეთში გაიქცა და ისევ თურქეთში დაბრუნდა.
  • 1922 წლიდან ცხოვრობდა დევნილობაში.
  • 1923 წელს სტამბოლში დაბრუნდა.
  • 1937 წელს, საბჭოთა რეჟიმმა მისი ვაჟი რასული დახვრიტა, ხოლო მისი ოჯახი ყაზახეთში გადაასახლეს.
  • 1938-1940 წლებში ცხოვრობს პოლონეთში.
  • 1940-1943 იმყოფებოდა რუმინეთში.
  • 1952 წელს ანკარაში დაარსა ჟურნალი „აზერბაიჯანი“.
  • 1955 წლის 6 მარტს გარდაიცვალა და დაკრძალეს ანკარის ასრის სასაფლაოზე.

დაფუძნებული ორგანიზაციები

ქვემოთ მოყვანილია ის ორგანიზაციები, რომელიც მან შექმნა ან დიდი წვლილი მიუძღვის შექმნაში.

  • „აზერბაიჯანის ახალგაზრდა რევოლუციონერთა საზოგადოება“ (თავმჯდომარე). ბაქო, 1903
  • „რუსეთის სოციალ-დემოკრატების მუშათა პარტია — ჰიუმათი“. ბაქო, 1904
  • „მუსლიმთა დემოკრატიული მუსავათის საზოგადოება“. ბაქო, 1905-1906.
  • „მუსლიმთა დემოკრატიული პარტია — მუსავათი“. ბაქო, 1911
  • „ნიჯათი“-ს კულტურისა და განათლების საზოგადოება (თავმჯდომარე). 1916.
  • „საიდუმლო მუსავათი“ ორგანიზაცია. ბაქო, 1920.
  • „აზერბაიჯანის ეროვნული ცენტრი“ (თავმჯდომარე). სტამბოლი, 1924.
  • მუსავათის პარტიის საგარეო ურთიერთობათა ბიურო. (თავმჯდომარე). სტამბოლი, 1923.
  • „პრომეთე“. ვარშავა. 1928 წელი.
  • „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი“. პარიზი, 1926.
  • „აზერბაიჯანის ეროვნული საგამომცემლო სახლი“. სტამბოლი, 1923.
  • „აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტი“ (თავმჯდომარე). ბერლინი, 1942.
  • „აზერბაიჯანის ეროვნული კომისია“ (თავმჯდომარე). ბერლინი, 1942
  • „აზერბაიჯანის დემოკრატიული კავშირი“ (თავმჯდომარე). მიუნხენი, 1946.
  • „აზერბაიჯან-თურქეთის საზოგადოება“ (თავმჯდომარე). 1947 წელი.
  • „აზერბაიჯანის კულტურის ასოციაცია“ (საპატიო თავმჯდომარე). ანკარა, 1949.

ბიბლიოგრაფია

რასულზადეს გამოქვეყნებული ნაშრომები:

  • 1910 — „კონფედერაციის პარტია“, თეირანი (სპარსული)
  • 1911 — „სედატი—ბეშერი“, არდაბილიი. (სპარსული)
  • 1912 — „მწარე ცხოვრება“, ბაქო.
  • 1917 — „მმართველობის ორი ფორმის შესახებ ხედვა“ (აჰმეთ ბეი სალიკოვთან ერთად), მოსკოვი.
  • 1917 — „რომელი მთავრობაა სასარგებლო ჩვენთვის?“, ბაქო.
  • 1923 — „აზერბაიჯანის რესპუბლიკა, კეიფიეტი—თეშკიულუ და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა“, სტამბოლი.
  • 1925 — „ჩვენი საუკუნის მონძრაობა“, სტამბოლი.
  • 1925 — „დამოუკიდებლობის მაფირი და ახალგაზრდობა“.
  • 1928 — „კავკასიელი თურქები“, სტამბოლი.
  • 1927 — „აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეა“.
  • 1928 — „ნაციონალიზმი და ბოლშევიზმი“.
  • 1930 — „პანთურანიზმი კავკასიის პრობლემებთან დაკავშირებით“. (რუსული)
  • 1933 — „აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესახებ“, ბერლინი. (გერმანული)
  • 1938 — „აზერბაიჯანის პრობლემა“, ბერლინი (გერმანული)
  • 1939 — „აზერბაიჯანის ომი დამოუკიდებლობისთვის“, ვარშავა. (პოლონური)
  • 1949 — „აზერბაიჯანის კულტურის ტრადიციები“, ანკარა.
  • 1950 — „თანამედროვე აზერბაიჯანის ლიტერატურა“, ანკარა.
  • 1951 — „აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორია“, ანკარა.
  • 1951 — „აზერბაიჯანელი პოეტი ნიზამი“ (ნიზამისს 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება (1141-1941), ანკარა.
  • 1954 — „ერთი თურქი ნაციონალისტის მოგონებები სტალინის შესახებ“, ანკარა.
  • 1990 — „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორია“. ბაქო.
  • 1993 — „ირანელი თურქები“, სტამბოლი.
  • 1994 — „ბოლშევიკების აღმოსავლური პოლიტიკა“. ბაქო.
  • 2009 — „ეროვნული ერთიანობა“. ბაქო.

ხსოვნა

მამედ ემინ რასულზადეს პორტრეტი 1993-2006 წლებში მიმოქცევაში არსებული 1000 მანათის ნომინალის ბანკნოტაზე.

ძეგლები

  • 1992 წელს, ტერტერის რაიონის გამგებლის ბრძანებით რასულზადეს ძეგლი გაიხსნა.[26]
  • 1993 წელს გაიხსნა ძეგლი ზაქათალაში.
  • არსებობს ძეგლი ნოვხანიში.
  • თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მისი სახელობის სკოლა მოქმედებს.[27][28]

დოკუმენტური ფილმები

სპექტაკლი

რასულზადეს საპატივცემულოდ პირველი სპექტაკლი 1994 წლის 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის მინიატურის თეატრში დაიდგა, სპექტაკლის სახელწოდება კი „აზერბაიჯან! აზერბაიჯან! აზერბაიჯან!“ გახდა. პიესის ავტორი პოეტი თეიუბ ყურბანი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი სადიქ იბრაგიმოვია.

ლიტერატურაში

რასულზადეს შესახებ დაწერილი წიგნები:[29]

აზერბაიჯანულად

  • ნასიმან იაყუბლუ. „Məmməd Əmin Rəsulzadə“ (მამედ ემინ რასულზადე). ბაქო, 1991.
  • ვაგიფ სულთანი. „Məhəmməd Əmin Rəsulzadənin ədəbi dünyası“ (მამედ ემინ რასულზადეს სალიტერატურო სამყარო). ბაქო, ბდუ-ს გამომცემლობა, 1993.
  • ელჩინი. „Məhəmməd Əmin Rəsulzadə“ (მამედ ემინ რასულზადე). ბაქო, 1994.
  • ვაგიფ სულთანი. „Ağır yolun yolçusu“ (მძიმე გზის მგზავრი). ბაქო, გამომცემლობა: აზერნაშრი, 1996.
  • ნასიმან იაყუბლუ. „Azərbaycan Milli İstiqlal mübarizəsi və Məhəmməd Əmin Rəsulzadə“ (აზერბაიჯანის ომი დამოუკიდებლობისთვის და მამედ ემინ რასულზადე). ბაქო, 2001.
  • შამილ ყურბანოვი. „Məhəmməd Əmin Rəsulzadə“ (მამედ ემინ რასულზადე). ბაქო, 2001.
  • ახუნდ ჰაჯი სოლთან ალიზადე. „Məhəmməd Əmin Rəsulzadə və İslam“ (მამედ ემინ რასულზადე და ისლამი). ბაქო, 2003.
  • მიუსთაგილ აღაევი. „Məhəmməd Əmin Rəsulzadə“ (მამედ ემინ რასულზადე). ბაქო, 2006.
  • ნასიმან იაყუბლუ. „Azərbaycan-Polşa əlaqələrində M.Ə.Rəsulzadənin rolu“ (აზერბაიჯან-პოლონეთის ურთიერთობები და მამედ ემინ რასულზადეს როლი). ბაქო, 2007.
  • ფაიკ ალაკბაროვი. „Məhəmməd Əmin Rəsulzadənin dünyagörüşü“ (მამედ ემინ რასულზადეს მსოფლმხედველობა). ბაქო, 2007.
  • აიდინ ბალაევი. „Məhəmməd Əmin Rəsulzadə“ (მამედ ემინ რასულზადე). ბაქო, 2011.
  • ვაგიფ სულთანლი. „İstiqlal sevgisi“ (დამოუკიდებლობის სიყვარული). ბაქო, გამომცემლობა: განათლება და მეცნიერება, 2014.

რუსულად

  • აიდინ ბალაევი. „Məhəmməd Əmin Rəsulzadə (1884-1955)“ (მამედ ემინ რასულზადე). მოსკოვი, 2009.
  • რამიზ აბუთალიბოვი. „Məmməd Əmin Rəsulzadə və Qafqaz Konfederasiyası“ (მამედ ემინ რასულზადე და კავკასიის კონფედერაცია). მოსკოვი, 2011.

თურქულად

  • ფეიზი აქიუზუმი. „M.Emin Rəsulzadəyə görə çeşidli cəbhələriylə Azərbaycan istiqlal mücadiləsi“ (მამედ ემინ რასულზადეს მიხედვით აზერბაიჯანის ომი დამოუკიდებლობისთვის). ანკარა, 1977.
  • სებაჰადინ შიმშირი. „Mehmet Emin Resulzadenin Türkiyedeki hayatı, fealiyetleri və düşünceleri“ (მამედ ემინ რასულზადეს თურქეთის წლები, მოღვაწეობა და იდეები). ანკარა, 1995.
  • სებაჰადინ შიმშირი. „Mehmet Emin Resulzade (həyat və şəxsiyyəti)“ (მამედ ემინ რასულზადე, ცხოვრება და პიროვნება). სტამბოლი, 2012.

საფოსტო მარკებზე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Məhəmməd Əmin Rəsulzadə kimdir? (12 დეკემბერი, 2015).
  2. Azərbaycan Respublikasının Prezidenti İlham Əliyevin sərəncamına əsasən Məmməd Əmin Rəsulzadənin 130 illik yubileyi münasibəti ilə hazırlanmış metodik vəsait (12 დეკემბერი, 2015).
  3. MƏHƏMMƏD ƏMIN RƏSULZADƏ (12 დეკემბერი, 2015).
  4. M. Ə. Rəsulzadənin həyat yoldaşının ölümü
  5. Məhəmməd Əmin Rəsulzadə Ensklopediyası, გვ. 42. 
  6. Məhəmməd Əmin Rəsulzadə Ensklopediyası, გვ. 43. 
  7. "Sühən" jurnalı, Tehran, 1955-ci il, №4
  8. Məhəmməd Əmin Rəsulzadə. "Müsavat" partiyasının quruluşu, "Azərbaycan", Ankara, №15 (167), 1966-cı il, səh. 12-18
  9. "Açıq söz qəzeti", №431, 1917-ci il
  10. "Açıq söz" qəzeti, №501, 18 iyun, 1917-ci il
  11. "Azərbaycan" qəzeti, №41, 1918-ci il
  12. "Azərbaycan" (rusca) qəzeti, No59, 13 dekabr 1918-ci il
  13. Bakı Dövlət Universitetinin xəbərləri, №2, 1922-ci il
  14. "Açıq söz" qəzeti №549, 24 avqust 1917-ci il
  15. Dünya qəzeti, 23 may 1954-cü il
  16. "Azərbaycan" jurnalı, Ankara, №3, 1955-ci il
  17. ƏSRİMİZİN SİYAVUŞU
  18. Məhəmməd Əmin Rəsulzadə Ensklopediyası, გვ. 272. 
  19. Şərqi-Rus qəzeti. Bakı, 1903-cü il. №20
  20. "M.Ə.Rəsulzadə ensklopediyası" səh.:358.
  21. "Sühən" jurnalı, tehran, No4, 1955-ci il
  22. Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 24 dekabr 1992-ci il tarixli, 254 nömrəli Sərəncamı
  23. Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 29 dekabr 1993-cü il tarixli, 79 nömrəli Fərmanı
  24. Azərbaycanın görkəmli ictimai-siyasi xadimi M.Ə.Rəsulzadənin anadan оlmasının 110 illik yubileyinin keçirilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin 29 dekabr 1993-cü il tarixli, 79 nömrəli Fərmanıanl.az saytı
  25. Məhəmməd Əmin Rəsulzadənin 130 illik yubileyinin keçirilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı. president.az (აზერბაიჯანული)
  26. Tərtərdəki Rəsulzadə büstü buradan götürülüb- Fotolar (აზერბაიჯანული). etatist.com (2013-06-19). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2018-05-29. წაკითხვის თარიღი: 2018-05-29.
  27. ANKARA / ÇANKAYA - Mehmet Emin Resulzade Anadolu Lisesi (თურქული). mehmeteminresulzadeal.meb.k12.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2018-06-01. წაკითხვის თარიღი: 2018-06-01.
  28. “Eşitmişik, səfirlik Rəsulzadənin adına görə bizimlə əlaqə qurmur” (აზერბაიჯანული). azadliq.org (2016-05-24). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-08-01. წაკითხვის თარიღი: 2018-05-29.
  29. Məhəmməd Əmin Rəsulzadə Ensklopediyası, გვ. 363-364.